პროექტში გამარჯვებულები
თამარ ხუჯაძე, 35 წლის, "ენერგოპრო ჯორჯიას" კადრების განყოფილების ერთ-ერთი ფილიალის ხელმძღვანელი. ამჟამად 152 კილოგრამს იწონის. რამდენიმე წლის წინ ელენე გიორგაძის დახმარებით 53 კგ მოიკლო, მერე კი ტრავმის გამო ქირურგიული ჩარევა და ჰორმონული პრეპარატების მიღება დასჭირდა და ისევ მოიმატა. წონის კორექცია, პირველ რიგში, ჯანმრთელობისთვის სურს, მერე კი _ მოხდენილობის დასაბრუნებლად. მიზნის მიღწევის შემდეგ შედეგის შენარჩუნებას ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით აპირებს.
ირმა გაგნიძე 42 წლის ბიოლოგია და საბავშვო ბაღში მუშაობს. ამჟამად 133 კგ-ს იწონის. წონასთან ბრძოლა ადრეც უცდია, თუმცა მხოლოდ ხანმოკლე წარმატებებით. დამნაშავე, მისივე აზრით, არასწორი დიეტებია. წონის დაკლება ძალიან უნდა, მით უმეტეს, რომ დედას შაქრიანი დიაბეტი აქვს.
მესამე მონაწილეს კი დიდი ხანია ვიცნობთ. ის ერთადერთია რედაქციაში სმი-ს ნორმაზე ბევრად აღმატებული მაჩვენებლით _ იგი 38 წლისაა და 109 კგ-ს იწონის, ამიტომ, როცა პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, აქტიურად დავუჭირეთ მხარი. ასე რომ, ცხოვრების გაჯანსაღებაზე ზრუნვას იანვრიდან ჩვენს ორ მკითხველთან ერთად ჩვენი დიზაინერი ირაკლი კარტოზიაც შეუდგება.
ვფიქრობ, დასაწყისი ურიგო არ არის. მომდევნო სერიები კი მომდევნო ნომრებში იხილეთ.